reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 1150 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სომხეთ-საქართველოს ომი
ინფო ვიდეო პოსტერი


ომის მიმდინარეობა

პირველი მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, თურქეთმა თავისი ჯარები მის მიერ ომის წლებში ოკუპირებული ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანა. 1918 წლის 5 დეკემბერს კი საქართველოს ჯარმა ახალქალაქი და ლორე დაიკავა, 9 დეკემბერს კი დაშნაკურმა მთავრობამ თავისი არმია საქართველოს წინააღმდეგ დაძრა. 12 დეკემბერს სომხეთის ჯარები გენერალ დრასტამატ „დრო" კანაიანის მეთაურობით თავს დაესხნენ ქართულ სასაზღვრო ნაწილს სანაინში. დაიწყო სომეხ-ქართველთა უპრეცედენტო ომი.

სომხეთის მთავრობის გეგმებზე წარმოდგენას იძლევა საქართველოს მთავრობის მიერ მოპოვებული და პრესაში გამოქვეყნებული სომხური დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც სომხეთის არმიას უნდა დაეკავებინა ტერიტორია მდინარე ხრამამდე. მენშევიკურ მთავრობას ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა მოლაპარაკებისა. ამიტომ, მიუხედავად მცირედი რიცხობრივი უპირატესობისა და უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისა, საქართველოს ჯარი შეტევას მოუმზადებელი დახვდა. პირველივე შეტაკებაში სომხებმა დაატყვევეს 100-მდე ქართველი ჯარისკაცი, ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. სომეხთა შეტევის განხორციელებაში მონაწილეობდნენ დენიკინის რუსეთის მოხალისეთა არმიის მიერ მივლენილი ოფიცრები. თვითონ დენიკინი სწორედ ამ დროს აწყობდა გამუდმებულ სამხედრო პროვოკაციებს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ცდილობდა სოჭის დაკარგვით დასუსტებული ქართული პოზიციების საბოლოო გატეხვას გაგრის ფრონტზე.

18 დეკემბრისთვის სომხეთის არმიამ დაიკავა ლორის მთელი ზონა და მნიშვნელოვნად წაიწია წინ თბილისისკენ. დარბეულ იქნა ქართული და აზერბაიჯანული სოფლები. ფრონტზე კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. რეგიონის სომხური მოსახლეობა აქტიურად ეხმარებოდა სომეხთა რეგულარულ ჯარს, რომელსაც ასევე უერთდებოდნენ სომეხი მოხალისეები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. თბილისში გამოვლინდა არალეგალური დაჯგუფება, რომელიც იარაღით და ფულით ეხმარებოდა დაშნაკების არმიას. საქართველოს მთავრობამ საფრთხის განეიტრალების მიზნით დაიწყო მკაცრი რეპრესიული ზომების გატარება: მოხდა კოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილი შეძლებული სომხების ქონების ნაწილობრივი ან სრული კონფისკაცია, ბევრი დეპორტირებული იქნა დედაქალაქიდან. 25 დეკემბრისთვის სომხური ჯარის შეტევა შესუსტდა; 10-დღიანმა შეუჩერებელმა მარშმა, საქართველოს სამხედრო ნაწილების წინააღმდეგობამ და ტიფის ეპიდემიამ სომხების რესურსები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც ბრძოლები ლორის ტერიტორიას გასცდა, ადგილობრივმა სომეხმა მოხალისეებმა დაიწყეს დეზერტირობა და სოფლებში დაბრუნება; ფრონტის ხაზის თბილისთან მოახლოვებამ კი საქართველოს სამხედრო უწყებას გაუადვილა თავდაცვით ბრძოლებში ჩაბმული ნაწილების მომარაგება. სომხების მიერ ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე ქართველი ოფიცრის დახვრეტამ ქართველებს შორის უკიდურესი განრისხება გამოიწვია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყო მოხალისეთა რაზმების მობილიზება, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სააღლუმო მარშის შემდეგ პირდაპირ ფრონტზე მიდიოდნენ.

საქართველოს კონტრშეტევა

25-27 დეკემბრის ბრძოლებში ინიციატივა თანდათან ქართველთა ხელში გადავიდა, თუმცა სრულყოფილი კონტრიერიშის ორგანიზება ამ დღეებში ვერ მოხერხდა. მხოლოდ, 28 დეკემბერს, გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა 3,500 კაციანი შენაერთით შეძლო სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელება და ელვისებური დარტყმით უკუაგდო სომხეთის ჯარები. დაღამებისთვის მაზნიაშვილმა უკვე შულავერი და რამდენიმე მცირე სოფელი დაიბრუნა. სომხების მიერ შევიწროებულმა ადგილობრივმა ბორჩალოელმა თათრებმა შექმნეს ერთი ესკადრონი, რომელიც საქართველოს არმიას შეუერთდა. შულავერის ბრძოლაში სომხებმა ორასამდე კაცი დაკარგეს, გააგრძელეს უკანდახევა და გამაგრდნენ სოფ. სადახლოსთან. მძიმე ბრძოლები სოფლის დასაკავებლად 2 დღე გაგრძელდა; სადახლო ხელიდან ხელში გადადიოდა და საბოლოოდ ქართველებს დარჩათ, თუმცა სომხებმა მოახერხეს სოფლის რკინიგზის სადგურის შენარჩუნება. 31 დეკემბერს, მთელი დღის შეუწყვეტელი შეტაკებების შემდეგ, სომხებმა რამდენადმე გაიუმჯობესეს მდგომარეობა და დაეუფლნენ სიმაღლეებს სადახლოს აღმოსავლეთით, რითაც საფრთხე შეუქმნეს ქართული ჯარის კომუნიკაციებს შულავერის მიმართულებით; თუმცა ქართველებმა წარმატებით განახორციელეს გადაჯგუფება, გაარღვიეს სომხების თავდაცვის ხაზი და ღრმად შეიჭრნენ სადახლოს სამხრეთ-დასავლეთით. საბრძოლო მოქმედებებიც ძირითადად ამ პოზიციებზე შეჩერდა. შუაღამისას, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დაჟინებული მოთხოვნით და შუამდგომლობით, დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

ომის შემდეგ

ომის შედეგი დღემდე იწვევს კამათს. ქართველი ისტორიკოსებისა და სამხედრო სპეციალისტების მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ არ მისცა შესაძლებლობა საქართველოს არმიას გაეგრძელებინა შეტევა სომხეთის ტერიტორიაზე, რისი საშუალებაც მას ნამდვილად ჰქონდა. მეორეს მხრივ, სომხები თვლიან, რომ მათმა ჯარმა შეძლო არათუ ქართული არმიის შეკავება სადახლოსთან, არამედ მოახერხებდა მის სრულ გარემოცვას რომ არა დაზავება. ბრძოლებში ორივე მხარემ საგძნობი დანაკარგები განიცადა, დაახლოებით 850-900 კაცამდე მოკლულთა სახით. ქართველთა დანაკლისი შედარებით დიდი იყო ომის პირველ დღეებში ტყვეებისა და საბრძოლო ტექნიკის დაკარგვის გამო.

1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორია ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აქ მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.

საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი – 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვ. საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.

1919 წლის 8 მარტს საქართველომ „დე იურე" აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში ს. მდივანი ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა ა. ჯამალიანი.

1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.

წყარო:  wikipedia





სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss