reklama

reklama

reklama

reklama

კატეგორია: სიახლეები | დაამატა: NAXALOVSKI
ნანახია: 1279 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
თანამედროვე ლექსიკა
ინფო ვიდეო პოსტერი


ქართულ ენაში ყოველდღიურად ახალი სიტყვა მკვიდრდება. თუ ადამიანები რამდენიმე წლის წინ განსხვავებული ტერმინოლოგიით საუბრობდნენ, დღეს ლექსიკურმა მარაგმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ამას ხელს ისიც უწყობს რომ მსგავსი სიტყვები ხშირად გვხვდება როგორც მხატვრულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ლიტერატურაში, ასევე ფართო პოპულარიზაცია ეწევა მათ მედია საშუალებების მიერ. ხშირია შემთხვევა, როცა ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა ადამიანებს ზუსტად არ ესმით, მაგრამ მათ აქტიურ გამოყენებას საუბრისას განსაკუთრებით მოზარდები, დაუყოვნებლივ იწყებენ. ხედავენ, მის გარშემო ადამიანები ამ ტერმინებით საუბრობენ, შესაბამისად ისიც "იძულებულია” სხვას მიჰბაძოს.

როგორც წესი, ყოველი ლექსიკური "სიახლე” ენაში ლექსიკონშია დაფიქსირებული. თუმცა, ახალი სიტყვების რაოდენობა XXI საუკუნეში ისეთი სისწრაფით იზრდება ლექსიკონები მათ ასახვას ვეღარც ასწრებენ. დროთა განმავლობაში ეს სიტყვები თავისთავად მკვიდრდება ენაში და აქტიურ ლექსიკონს უერთდება.

ამგვარად, ბარბარიზმების, ნეოლოგიზმებისა და ჟარგონების ხშირი ხმარება ქართული ენისათვის უცხო აღარაა.
რისგან მომდინარეობს და რა არის ენაში ბევრი ახალი სიტყვის დამკვიდრების ტენდენციის მიზეზი, "ამბიონი” ფილოლოგიის მეცნერებათა დოქტორსა და პროფესორს, თამარ მახარობლიძესგაესაუბრა.

თამარ მახარობლიძე: ენაში ყველანაირ ტენდენციას გარემო ობიექტური პირობები იწვევს. მიმდინარე სიტუაცია, დრო, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისად ახალი ლექსიკა. ცხადია, ენა ყოველთვის არ არის მზად, რომ თავისი ერთეულები დაახვედროს უცხო სიტყვას, მაგრამ მაშინაც კი როცა ენას შეიძლება თავისი ერთეული ჰქონდეს, ხშირად არის შემთხვევა, რომ მაინც შემოდის და მკვიდრდება უცხო სიტყვა, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ კონტექსტში ის ახალი სიტყვა უფრო მისაღები ხდება მომხმარებლისთვის.

ეს ენის განვითარების უწყვეტი პროცესია და ეს პროცესი ყოველთვის იყო, არის და იქნება. საერთოდ, ენა ცოცხალი ორგანიზმია, მასში ბუნებრივი პროცესები მიმდინარეობს და ამას ვერანაირი დადგენილებები, სალიტერატურო ნორმებიც კი კონკრეტულად ვერაფერს უცვლის. ანუ ენას განვითარების თავისი ტენდენცია აქვს, რომელიც ობიექტური გარემოდან და ობიექტური რეალობიდან მომდინარეობს და ამის მიხედვით ენა იღებს, ავითარებს, აფართოვებს ან ავიწროებს კონკრეტული სიტყვების სემანტიკურ ველს და ა.შ.

რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როგორ მკვიდრდებიან ენაში ნეოლოგიზმები, ჟარგონები, ბარბარიზმები?

ნეოლოგიზმი არის ახალი სიტყვა. ის შეიძლება იყოს ადგილობრივ ქართულ საფუძველზე ნაწარმოები ან ნასესხები. ნასესხებია ის სიტყვა, რომელიც უცხო ენიდან მოჰყვება ვთქვათ, ახალ ტექნოლოგიას, ან ახალი რეალობის გაჩენას. მაგალითად, კომპიუტერი უკვე ახალი არ არის. სიტყვები მაუსი, ან პროცესორი შედარებით ახალი ლექსიკური ფორმებია და ნეოლოგიზმებია. ეს სიტყვები მოიტანა კონკრეტულმა რეალობამ. გაჩნდა ახალი ნივთი, ენას კი არ ჰქონდა არანაირი ფორმატის შესაბამისი ლექსიკური ერთეული და ამიტომ ეს სიტყვები პირდაპირ შემოვიდა ქართულში. დღეს ძირითადად ინგლისური ენიდან ხდება ახალი ლექსიკური ერთეულების შემოტანა. ასევე თავის დროზე რუსულიდან შემოვიდა სიტყვები: ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი და ა.შ. რომელთაც შესაფერი ქართული შესატყვისები არ ჰქონდათ”.

ნეოლოგიზმის მაგალითებია: – ავტობანი, ბლოკბასტერი, ვინჩესტერი, ვიდეოპლეერი, დიჯეი, ინსტალაცია, ფასტფუდი, ჯაკუზი, პარკინგი, პრაიმტაიმი, ინოვაცია, რიელტორი, ტაბლოიდი, სლოგანი და ასე შემდეგ.

"ჟარგონი გულისხმობს კონკრეტული სოციალური ფენის მეტყველებას. ჟარგონი სხვადასხვა ფორმების არის, შეიძლება უცხო ენიდანაც იყოს შემოსული, ოღონდ სხვანაირად გადააზრებული. მაგალითად, სიტყვა "ჩალიჩი” მოდის თურქული სიტყვიდან "მუშაობა”, ეს გასული საუკუნის 80-წლების ფორმაა. თქვენი თაობის ჟარგონის მაგალითია "გაჯაზება”.

სხვაობა ნასესხებ ნეოლოგიზმსა და ჟარგონს შორის ის არის რომ ნეოლოგიზმი სალიტერატურო ფორმისთვის მისაღებია. შესაბამისი ტერმინისა და კონკრეტული ლექსიკური ერთეულის არქონის გამო, ის იმკვიდრებს თავის ადგილს. ჟარგონი კი არ არის სალიტერატურო ენის ნორმა. ის გახლავთ კონკრეტული სოციალური ფენისთვის დამახასიათებელი მეტყველების ფორმები. ჩვენში ძალიან ცნობილი იყო ქურდული, კრიმინალური ჟარგონები და ლექსიკოლოგია. საბედნიეროდ, დღეს ასე აღარ არის, ანუ ამ ლექსიკის არეალი ახლა საკმაოდ დავიწროვებულია” – აღნიშნა თამარ მახარობლიძემ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჟარგონებიც უხვადაა ქართულ ენაში და მათი რიცხვიც რეკორდული სისწრაფით იზრდება. მაგალითები:

ავოიე – შეძახილი.
აზრზე მოსვლა – "აზრზე მოდი” მოწოდებაქცევი ან დამოკიდებულების შეცვლისკენ, ხშირად მუქარის ელფერით.
აზრზე ყოფნა – "აზრობ?!”, "აზრზე ხარ?!” მიმართვის დროს გამოხატავს გაკვირვებას, დაახ. იგივეა რაც "წარმოგიდგენია?!”.
ბაზარი – ლაპარაკი, მსჯელობა. "ბაზარი არაა” ულაპარაკოდ, რა თქმა უნდა.
გაბაზრება – რაიმე ამბავის გავრცელება.
ბანძი – ბინძური, ხელმოცრული ან არასიმპატიური ადამიანი.
გაბანძება – სახელის შელახვა.
ბლატი – (რუს.) არაფორმალური კავშირები, კონტაქტები, ნაცნობობა, ხშირად მექრთამეობასთან ან პროტექციონიზმთან კავშირში.
გარასხოდება – ანგარიშის გასწორება.
გამაზვა – 1. მიზანის ვერ მიღწევა, აცდენა. 2. რაიმის შოვნა.
გაჩითვა – რაიმის შოვნა.
გაჩითული – რაიმე სახის მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი.
დათრევა – რაიმის შოვნა.
დაწერება, შეწერება – წართმევა ძალადობით ან მოტყუებით.
ვსიო – (რუს.) მორჩა.
ზასავი – კოცნა.
ზმანი – ტანსაცმელი.
იასნი – (რუს.) ნათელი, გასაგები.
გაიასნება – გაგება, ახსნა.
იმენა – (რუს) ზუსტად, სახელდობრ.
კაროჩე – (რუს.) მოკლედ.
კლიენტი – პიროვნება.
მასტი – პიროვნება.
დამუღამება – ალღოს აღება.
პონტი – 1. მდგომარეობა, სიტუაცია 2. "რა პონტია?” იგივეა რაც რაშია საქმე? რა არის? 3. პონტი გამორიცხულია 4. ბეზპონტა, უპონტობა მოწყენილობა, მოსაბეზრებელი სიტუაცია.
რიჟა – 1.მწითური 2. სულელური ან არასწორი.
სიხა – მიმართვის ფორმა, სიხარულის შემოკლება.
ტასაობა – სიარული.
ცვეტნოი – მართალი.
ძერსკი – მოდური.

ასევე გავრვცელებული ჟარგონებია: შარაფი – ქეიფი, ღრეობა; შეახვია – დააბასავით; შებმა – დაბმისა მსგავსია; შეტენვა – ძალად ცოლობა; შეწერვა – ახევის მსგავსი; ჩმორი – ვერ-მძლე; ცისფერი – მამრი მამრთან თანაყოფის მოსურნე; ხიპიში – შფოთი.

თამარ მახარობლიძის თქმითვე, "ბარბარიზმი უცხო ენიდან შემოსული ფორმაა, რომელსაც პირდაპირ ვიყენებთ და არ ვცდილობთ რომ ვთარგმნოთ. ქართული ენა აივსო ბარბარიზმებით. მის უამრავი მაგალითია: "სეილი”, "შოპინგი”, "დამესიჯება”, "დაკლიკება”, "დასეივება” და ა. შ.

ჟარგონისამწუხაროდ, განსაკუთრებით მედია ამკვიდრებს არასწორ ფორმებს ამ თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ფსევდო ინტელექტუალური ფორმების გამოყენება ხდება. განსაკუთრებით სინტაქსში. ჟურნალისტი გამოსვლისას, იმის ნაცვლად, რომ თქვას, "ვიღაცამ ვიღაცას ესროლა და მოკლა”, ამბობს: "მოახდინა გასროლა”. ფორმა "ესროლა” მას უბრალოდ და მარტივად ეჩვენება და თავისი დაბალი განათლების დასაფარად ქართული ენისთვის მიუღებელი ფორმებს მიმართავს. მასმედიას მასებზე ზეგავლენის ძალიან ფართო საშუალება აქვს. ამიტომ ჟურნალისტებს მართებთ დაფიქრება, რა ფორმებს გაავრცელებენ საზოგადოებაში. მათ ენის სიწმინდის მიმართ მეტი პირადი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ. როდესაც ერთი ენის შეჭრა მეორე ენის სივრცეში მასობრივად ხდება და ამაზე არანაირი კონტროლი და მექანიზმი არ არსებობს და ამას მასმედიაც წახალისებს, რა თქმა უნდა, არასასურველია. მაგრამ ენა თვითონ მყარი ერთეულია და ისეთი თვითკმარი სისტემაა, რომელიც მხოლოდ საკუთარ შინაგან კანონებს ემორჩილება”.

ბარბარიზმის მაგალითებია: სტოლი, შკაფი, ოჩერედი, პოლი. საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა ბოლო წლების განმავლობაში, რასაც უფრო უცხოეთში ნაცხოვრები თუ ნასწავლი ქართველების გავლენით ხსნიან. ხშირად გაიგებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: "დამამისთქოლებინე”, "წავლეთსგოვდეთ”, "ავსთენდაფდეთ და ა.შ.

უქმნის თუ არა საფრთხეს ამგვარი სიტყვების დამკვიდრება ქართული ენის დაცვას და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ პრობლემამ?

ეს სიტყვები შეიძლება ძალიან დიდ პრობლემას არ უქმნიდეს ენას, მაგრამ მარტივადაც ვერ შევხედავთ ამ პროცესს. ეს მოვლენა დიდ პრობლემას იმიტომ ვერ უქმნის ენას, რომ ენა სისტემაა, სისტემას თავისი შინაგანი კანონები აქვს და თუ ძალადობას არ მოვახდენთ ენაზე, თავს არ მოვახვევთ შეგნებულად და თუ მასობრივი უწიგნურობა არ გვექნება, მაშინ დიდი საფრთხე არ გვემუქრება.

თუმცა, სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს არანაირი ყურადღება არ არის მიმართული ენის სიწმინდის დაცვის მიმართ. ენა კომუნიკაციის საშუალებაა კონკრეტულ მოსახლეობაში და კომუნიკაციისას არასწორი ფორმების გამოყენებით მასობრივად დამკვიდრდება ენაში არაორგანული ფორმები.

საერთოდ, ენა არის აზროვნების მიკრო მოდელი. როგორც ვაზროვნებთ ისე ვმეტყველებთ. ენა ბევრ ინფორმაციას იძლევა ამა თუ იმ ერის კულტურის, ცნობიერების, მენტალობის, ბევრი საკითხისადმი მიდგომის შესახებ. ენაში ყველაფერია, თუ მასში ყურადღებით ჩავიხედავთ.

საბჭოთა პერიოდშიც იყო ენის სწავლების შეზღუდვის მომენტები, რომ რუსულ ენაზე ყოფილიყო სწავლება. დღეს კი ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო გრანტი რომ მოიპოვოს ქართველმა მეცნიერმა, ინგლისურადაც უნდა შეადგინოს საბუთები. მიმაჩნია, რომ რაც მეტი ენა იცის ადამიანმა, აზროვნების უფრო მეტი დიაპაზონი აქვს, მაგრამ სახელმწიფო ენას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. სახელმწიფო ენა არ უნდა იქნეს დაკნინებული.

გარკვეული საფრთხე ენის წინაშე რა თქმა უნდა დგას. არ მივესალმები იმას რომ გამოცდები აზრბაიჯანურად, სომხურად უნდა ჩატარდეს. არსად ასეთი რამ არ ხდება. თუ აზერბაიჯანელს სურს გამოცდა ჩააბაროს, მაშინ ჩააბაროს ბაქოში, სომეხმა კი ერევანში. ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, ქართული უნივერსიტეტის დიპლომი თუ უნდა მიიღოს ადამიანმა, იმან უნდა ისწავლოს ქართულ ენაზე და გამოცდებიც ქართულად უნდა ჩააბაროს. ბუნებით ტოლერანტი ვარ და მივესალმები სხვა ერების საქართველოში ცხოვრებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვინა ვართ და რანი ვართ და რისთვის ვარსებობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ადგილი.
რა შეიძლება გაკეთდეს ენის დაცვის მიზნით, რაში მდგომარეობს სახელმწიფოს როლი?

მე მქონდა ძალიან საინტერესო პროექტი, კანონი ენის შესახებ. რომლის მიხედვითაც გარკვეული შეცდომების დაშვების შემდეგ ამა თუ იმ მასმედიას ჯარიმა დაეკისრებოდა. არ ვგულისხმობ რესპონდენტების შეცდომებს, აქ წამყვანი ჟურნალისტების შეცდომებზეა საუბარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ფორმაში ამყოფებს ჟურნალისტს. ასეთ პროექტებს სჭირდებათ სამთავრობო მხარდაჭერა. ენის ამ კანონით ბიუჯეტში შევა იმ ჯარიმის თანხა, რომელსაც გადაიხდის დაჯარიმებული მასმედიის ხელმძღვანელობა, რომელიც თავის მხრივ, იძულებული იქნება ენობრივი თვალსაზრისით უფრო განათლებული ჟურნალისტები მიიყვანოს რედაქციაში. ჟურნალისტი კი უფრო ყურადღებით დაუკვირდება თავის მშობლიურ ენას და ეს საბოლო ჯამში ძალიან პოზიტიური პროცესი იქნება. მომავალში შევეცდები, წარვადგინო და კიდევ ერთხელ დადგეს ეს წინადადება დღის წესრიგში. თუ ამ ტიპის კანონი ძალაში შევიდა, ჟურნალისტები იძულებულები იქნებიან, დააკმაყოფილონ ქართული ენის ცოდნის აუცილებელი მინიმუმი. ფაქტია, დღეს აბსოლუტურად არავინ ზრუნავს ენაზე.

ჩვენ ვამბობთ, რომ ერის თვითმყოფადობა სამი ელემენტისგან შედგება. ეს არის ენა, მამული და სარწმუნოება. მამულსა და ტერიტორიებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა გვაქვს. სარწმუნოება უფლის მადლითა და ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით, თავის მისიას ახორციელებს. რაც შეეხება ენას, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სახელმწიფომ ელემენტარულად უნდა დაიცვას ენის სიწმინდე და ეს რომ ცარიელი სიტყვები არ იყოს, პროფესიონალები უნდა იყვნენ რედაქციებში, რომლებსაც შეეკითხებიან ამა თუ იმ სიტყვის სწორ ფორმას. ამასთან, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტს, შეუძლია გამოყოს მუშა ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ამ რედაქციებთან და მსგავსი ქმედებებით ქართული ენის სიწმინდე დაცული იქნება.

რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ უნდა შევძლოთ, დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე, "ამბიონი” წმ.დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარს, მამა მალხაზ ყიფიანს გაესაუბრა.

მამა მალხაზი: "იმ მრავალგვარ პრობლემათა რიცხვში, რომელიც მრავლადაა ქვეყნის დღევანდელი ცხოვრების პირობებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქართულ ენაში შემოჭრილი მრავალგვარი უცხო სიტყვები – ეს იქნება ბარბარიზმები, ნეოლოგიზმები, ჟარგონები თუ სხვა. ბარბარიზმებისა და ნეოლოგიზმების ქართულ ენაში გავრცელების საკითხი ენათმეცნიერთათვის მიგვინდვია. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი სიტყვისათვის ადამიანი ღვთის წინაშე აგებს პასუხს. სიტყვით შეიძლება განმართლდეს ადამიანი და სიტყვითავე შეიძლება დაისაჯოს. ჩვენი დიდი მწერალი ამბობს, რომ "კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების”, ანუ ადამიანის სიტყვა და საუბარი მისი შინაგანი სულიერი სამყაროს გამოხატულებაა. მოუსმინოთ და ყური მიუგდოთ ჩვენი უწმინდესის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ შეხედულებას ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხზე, სადაც ბრძანებს: "ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს. ჩვენს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი… ქართული ენის სისავსეს მის დიალექტთა, კილოკავთა მრავალფეროვნებას ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს”. სხვაგან კი ბილწსიტყვაობის მძიმე ცოდვის შესახებ ბრძანებს: "რატომღაც ბილწსიტყვაობა ახალგაზრდებში კარგ ტონად და ვაჟკაცობად აღიქმევა, სინამდვილეში ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები და მოზრდილები ხშირად თავის საკუთარ დედასაც შეურაცხმყოფენ. ეს არის უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება”.

ჩვენ ვთხოვდით ყოველ ადამიანს, რომ უარი თქვან ქართული ენის სიწმინდის შებღალვაზე, რადგან ენა ეს არის საძირკველი და მტკიცე საფუძველი ჩვენი ერთიანობისა, ერთსულოვნებისა და დარაჯი ჩვენი ერის რწმენის, ერთობისა და გამთლიანებისა”.





სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss