• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » “ბაიერნი” საიუბილეო მატჩით იწყებს
09:12
“ბაიერნი” საიუბილეო მატჩით იწყებს
ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის გახსნის შემდეგ, საქმეში ევროპის საუკეთესო გუნდების მე-2 ნახევარი ერთვება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ A ჯგუფის მატჩები, თუმცა გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას არც სხვა შეხვედრები მისცემენ.

A ჯგუფი
სიტი-ნაპოლი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყველაზე საინტერესო A ჯგუფი იქნებოდა და "სიკვდილის ჯგუფის” სტატუსით ამ ოთხეულმა სავსებით სამართლიანად დაიმსახურა. ვინაიდან ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს, ყველა მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და გამონაკლისი არც "სიტი”-"ნაპოლის” დაპირისპირებაა.
ფავორიტები და აუტსაიდერები "სიკვდილის ჯგუფებშიც” არიან და თუ ევროპულ ბუკმეიკერებს დავუჯერებთ, შემდეგ ეტპაზე გასვლის ყველაზე მეტი შანსი "სიტის” აქვს, ნაკლები კი – "ნაპოლის”. მიუხედავად ამისა, დღევანდელ მატჩში სტუმართა უშანსო გუნდად შერაცხვა მართებული არ იქნება.
შიდა ჩემპიონატი ორივე გუნდმა კარგად დაიწყო. "ნეაპოლელებმა” სასტარტო მატჩში გასვლაზე 3:1 იმარჯვეს. უფრო მრავლისმეტყველია "სიტის” საპრემიერლიგო მონაგარი – ოთხ მატჩში 16 ქულა, 15 გატანილი და 3 გაშვებული გოლი.
"სიტი” იტალიურ გუნდებს სულ 6-ჯერ შეხვედრია. აქედან "ქალაქელებმა” 2 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს. საკუთარ კედლებში, მანჩესტერელებმა 2-ჯერ იმარჯვეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს.
"ნაპოლი” იტალიის წარმომადგენლებს სულ 2-ჯერ შეხვედრია. ნეაპოლელებმა შინ ფრედ ითამაშეს, ხოლო გასვლაზე წააგეს.
მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ბალოტელი და ტრავმირებული დე იონგი დააკლდებიან, სტუმრები კი ტრავმირებული დონადელის გარეშე ითამაშებენ.
•    ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ფინალურ ეტაპზე ორივე გუნდი პირველად ითამაშებს;
•    "მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა თასზე სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული;
•    "ნაპოლის” ჩემპიონთა თასზე გამართულ ექვს თამაშში მხოლოდ 1 წაგება აქვს;
•    "ნაპოლიმ” ინგლისურ სტადიონებზე გამართული ბოლო 3 თამაში წააგო;
•    "მანჩესტერ სიტის”, ევროტურნირებზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული 33 თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული.
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი
: ჰარტი, რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში, ტურე, ბერი, ნასრი, სილვა, მილნერი, აგუერო.
ნაპოლი: დე სანკტისი, კამპანარო, კანავარო, არონიკა, მაჯო, ინლერი, ჯემაილი, დოსენა, ჰამშიკი, კავანი, ლავესი.
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ვილიარეალი-ბაიერნი
თუ "ვილიარეალს” საუკეთესო ორ გუნდში მოხვედრა სურს, ესპანელებმა დღეს "ბაიერნი” უნდა დაამარცხონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ყვითელი წყალქვეშა ნავი” მდგომარეობას თავიდანვე გაირთულებს. რაც შეეხება "ბაიერნს”, იგი ერთ-ერთ კონკურენტთან გასვლაზე ქულის მოპოვებაზეც არ იტყვის უარს, მაგრამ მეტოქის ცუდი ფორმის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მიუნხენელები მოედანზე მოსაგებლად გავლენ.
"ვილიარეალმა” ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო. პირველ მატჩში, ვალენსიელები შესუსტებულ "ბარსელონასთან” 0:5 განადგურდნენ, მე-2 შეხვედრაში კი, საკუთარ კედლებში, ისინი "სევილიას” დაუზავდნენ. რაც შეეხება "ბაიერნს” – პირველ ტურში სენსაციურად წაგების შემდეგ, მიუნხენელებმა ზედიზედ 4 თამაში მოიგეს, ხოლო ბოლო მათგანი ანგარიშით 7:0. ბრწყინვალე ფორმაშია მარიო გომესი, რომელმაც ყველა ტურნირის მატჩების გათვალისწინებით, ბოლო ოთხ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
"ვილიარეალი” გერმანულ გუნდებს 6-ჯერ შეხვედრია. ესპანელებმა 4 თამაში მოიგეს, ხოლო თითო ფრედ ითამაშეს და წააგეს. საკუთარ კედლებში, "ყვითელმა წყაქლვეშა ნავმა” 2-ჯერ იმარჯვა და ერთხელ ფრედ ითამაშა.
"ბაიერნს” ესპანურ კლუბებთან გამართულ 37 მატჩში 16 მოგება, 11 ფრე და 10 მარცხი დაუგროვდა. გასვლით შეხვედრებში მიუნხენელებმა ოთხ-ოთხჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 9-ჯერ წააგეს.
ტრავმირებული ანხელ ლოპესის გარდა, მასპინძლები დისკვალიფიცირებულ ბორხა ვალეროსაც მოისაკლისებენ, სტუმრებს კი, დისკვალიფიცირებული ბრენო და ოლიჩი არ ეყოლებათ.
თავისთვის საიუბილეო მატჩს გამართავს "ბაიერნი”. დღევანდელი შეხვედრა მიუნხენელთათვის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 150-ე, ხოლო მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე/ჩემპიონთა თასზე 250-ე იქნება.
•    "ვილიარეალს” გერმანულ გუნდებთან სახლში არასდროს წაუგია;
•    ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 11 თამაშიდან "ვილიარეალმა” 4 მოიგო და 7 ფრედ დაასრულა;
•    გასულ სეზონში, "ვილიარეალმა” ევროტურნირებზე 8 საშინაო თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო;
•    ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 გასვლითი თამაშიდან "ბაიერნს” არაცერთი დაუსრულებია ფრედ;
•    ჩემპიონთა ლიგის ბოლო 25 გასვლითი თამაშიდან "ბაიერნმა” 24-ში გოლი გაიტანა. ის ერთადერთი მატჩი მიუნხენელებმა სწორედ ესპანეთში გამართეს;
•    "ბაიერნმა” ესპანურ მინდვრებზე ჩატარებული ბოლო 5 თამაში წააგო;
•    ჩემპიონთა ლიგის ბოლო თოთხმეტ მატჩში, რომელიც მარიო გომესმა ძირითად შემადგენლობაში დაწიყო, გერმანელმა თავდამსხმელმა 12 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ვილიარეალი: დიეგო ლოპესი, მარიო, გონსალო, საპატა, ორიოლი, კამუნიასი, ბრუნო, სენა, კანი, როსი, ნილმარი.
ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტრუბერი, ლამი, გუსტავო, შვაინშტაიგერი, მიულერი, კროოსი, რიბერი, გომესი.
მსაჯი: სიუნეიტ ჩაკირი (თურქეთი).


B ჯგუფი
ინტერი-ტრაბზონსპორი

წყვილის და მთლიანად ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი "ინტერია”, ამიტომ, მილანელებს ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტთან საკუთარ კედლებში მოგება აუცილებლად მართებთ და თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ასეც იქნება.
"ინტერისთვის” მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. "ნერაძურიმ” ჯერ თანაქალაქელ "მილანთან” სუპერთასის მატჩი დათმო, შემდეგ კი, სერია A-ს სასტარტო ტურში, "პალერმოსთან” 3:4 წააგო. რაც შეეხება "ტრაბზონსპორს”, მის სათამაშო ფორმაზე საუბარი ძნელია, რადგან თურქეთის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 2-ჯერ შეხვედრიან. 1983 წელს, UEFA-ს თასის პირველ ეტაპზე, "ინტერმა” თურქეთში 0:1 წააგო, მაგრამ შინ 2:0 მოიგო.
"ინტერს” თურქულ გუნდებთან გამართულ 8 თამაშში 5 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი დაუგორვდა. საკუთარ კედლებში, მილანელებმა ოთხივე შეხვედრა მოიგეს.
"ტრაბზონსპორმა” იტალიურ კლუბებს 7 მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ მოუგო. დანარჩენი 6 თამაშიდან თურქებმა 2 ფრედ ითამაშეს და 4 წააგეს. 3 გასვლითი მატჩიდან "ტრაბზონსპორმა” ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო 2 დათმო.
მასპინძლებს ტრავმების გამო კორდობა, ვივიანო, მაიკონი და პოლი დააკლდებიან. რაც შეეხებათ სტუმრებს, ტრავმირებული ატაშის გარდა, ისინი დისკვალიფიცირებულ მირზეიევსკისა და ილმაზს მოისაკლისებენ. შეხვედრას თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, შენოლ გიუნეში.
•    "ინტერი” მატჩს ცუდი განწყობით ხვდება – მილანელებმა სერია A-ს გახსნითი მატჩი 2000 წლის შემდეგ პირველად წააგეს;
•    ბოლო 9 მცდელობიდან, "ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 8-ჯერ დასძლია;
•    ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ ათ მატჩში "ინტერმა” 21 გოლი გაუშვა, რაც მთელს გათამაშებაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო;
•    "ტრაბზონსპორი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე UEFA-მ "ფენერბაჰჩეს” ნაცვლად დაუშვა;
•    "ტრაბზონსპორი” ჩემპიონთა ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს;
•    "ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეათედ ითამაშებს, რაც ამჟამად, იტალიურ კლუბებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია;
•    "ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი
: სეზარი, ლუსიო, სამუელი, ძანეტი, ჟონათანი, სტანკოვიჩი, კამბიასო, ნაგატომო, სნეიდერი, მილიტო, პაცინი.
ტრაბსონსპორი: ზენგინი, გლოვაკი, კაჩარი, ჩელუსტკა, ბალსი, ზოკორა, კოლმანი, ალანზინიო, აკგუნი, ბროზეკი, ალტინტოპი.
მსაჯი: სტეფან იოჰანსონი (შვედეთი).

ლილი-ცსკა
საფრანგეთის ჩემპიონი "ლილის” მიზანი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა და დასახული მიზნისთვის ბრძოლას ფრანგები პირველივე ტურში, უშულო კონკურენტ ცსკა-სთან საშინაო მატჩით დაიწყებენ.
"ლილმა” საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშება ცუდად კი დაიწყო, მაგრამ გარსიას შეგირდებმა ბოლო 3 თამაშის მოგება და სატურნირო მდგომაროების გამოსწორება მოახერხეს. რაც შეეხება ცსკა-ს მან რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, რაც არმიელებს ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვად დაუჯდათ.
გუნდები ერთმანეთს აქამდე ერთხელ შეხვედრიან. 2004 წელს, UEFA-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე, საფრანგეთში გამართულ მატჩში, მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს. იმ შეხვედრის გარდა, "ლილს” რუსეთის წარმომადგენლებთან არასდროს უთამაშია.
ცსკა-ს ფრანგულ გუნდებთან 8 თამაში აქვს გამართული, საიდანაც მოსკოველებმა 4 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 3 წააგეს. 4 გასვლითი მატჩიდან ცსკა-მ 2 მოიგო და ამდენივე წააგო.
ტრავმების გამო, მასპინძლებს შეჯუ, დე მელო და ბაშა დააკლდებიან. დისკვალიფიცირებულია გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია. ცსკა-ს დანაკლისს აკინფეევი, ჰონდა, ვასინი, ნესიდი, შენიკოვი და გონსალესი შეადგენენ.
•    ევროტურნირებზე, საშინაო არენაზე გამართული ბოლო 8 მატჩიდან "ლილმა” 6 მოიგო;
•    ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლოს 18 მატჩიდან კარი მშრალად არცერთში შეუნახავს.
მსაჯი: ოლეგარიო ბენკუერენსა (პორტუგალია).


C ჯგუფი
ბენფიკა-მანჩესტერი

ჯგუფის ფავორიტებად პორტუგალიელები და ინგლისელები ითვლებიან, ამიტომ, მათი შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. შეხვედრისადმი ინტერესს ისიც ზრდის, რომ ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. "ბენფიკამ” პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ქულები კი დაკარგა, მაგრამ მას შემდეგ, ლისაბონელებმა ზედიზედ 3 თამაში მოიგეს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია "მანჩესტერის” მაჩვენებელი – ინგლისის სუპერთასზე თანაქალაქელი "სიტის” დამარცხების შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა” პრემიერლიგაში 4 მატჩი გამართეს და ყველა მათგანი მოიგეს. გაიტანეს 18 და გაუშვეს 3 გოლი.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია შვიდ მატჩს ითვლის. უდიდესი უპირატესობა აქვს "მანჩესტერს”, რომელმაც 6 თამაში მოიგო და 1 წააგო. პორტუგალიაში გამართული 3 თამაშიდან მანკუნიანელებმა 2 მოიგეს და 1 დათმეს.
"ბენფიკას” ინგლისურ გუნდებთან სულ 25-ჯერ უთამაშია, საიდანაც ლისაბონელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 14 წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებული 12 თამაშიდან "ბენფიკამ” 6-ში იმარჯვა, 2 ფრედ დაასრულა და 4 დათმო.
"მანჩესტერს” პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ ოცდაერთ თამაშში 14 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა. 10 გასვლითი მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა” 5 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
"ბენფიკას” ტრავმირებული ოლივეირას გარეშე მოუწევს თამაში, სტუმრები კი, ამავე მიზეზით, კლევერლის, ვალენსიას, ვიდიჩს, რაფაელს, ფლეტჩერსა და უელბეკს მოისაკლისებენ.
•    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ხუთ მატჩში "მანჩესტერს” 21 გოლი აქვს გატანილი. აქედან 8 ბურთი უეინ რუნის ანგარიშზეა;
•    "მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-16 სეზონია თამაშობს, რაც ამჟამად საუკეთესო შედეგია;
•    ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) "მანჩესტერს” ყველაზე მეტი მოგება აქვს;
•    ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, 6 გასვლითი თამაშიდან "მანჩესტერმა 5 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. ინგლისელებს არცერთ მატჩში გოლი არ გაუშვიათ;
•    ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან "ბენფიკა” ყველაში მინიმუმ ორ გოლს უშვებდა;
•    "მანჩესტერმა” პორტუგალიაში ჩატარებული ბოლო 3 თამაში ერთი და იგივე ანგარიშით, 1:0 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა
: არტური, პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი, გარსია, ვიტსელი, გაიტანი, ნოლიტო, სავიოლა, კარდოსო.
მანჩესტერი: დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, ფერდინანდი, ფაბიო, ნანი, კერიკი, ანდერსონი, იანგი, რუნი, ერნანდესი.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

ბაზელი-ოცელული
შვეიცარიისა და რუმინეთის ჩემპიონებს მე-3 ადგილისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებენ. მიზნის მიღწევის გაცილებით დიდი შანსები "ბაზელს” აქვს, რომელსაც, თუ "ბენფიკასთან” მე-2 ადგილისთვის ჭიდილი სურს, დღეს "ოცელულის” დამარცხება აუცილებლად მართებს.
"ბაზელი” რუმინულ გუნდს აქამდე სულ 2-ჯერ შეხვედრია. შვეიცარიელებმა შინ მოიგეს, ხოლო გასვლაზე წააგეს.
"ოცელულს” შვეიცარიის წარმომადგენლებთან არასდროს უთამაშია.
მასპინძლებს ტრავმების გამო ჩიპერფილდი, სტოკერი, იაპი და კუსუნგა, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო შარიქი არ ეყოლებათ. რუმინელები შეხვედრას უდანაკარგოდ ხვდებიან.
•    "ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე მეოთხედ ითამაშებს, რაც შვეიცარიული ფეხბურთის რეკორდია;
•    "ოცელული” ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს;
•    ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 გასვლითი თამაშიდან რუმინულ გუნდებს 9 აქვთ წაგებული;
•    "ბაზელმა” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 საშინაო თამაშიდან 5 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი
: სომერი, შტაინჰიოფერი, აბრაჰამი, დრაგოვიჩი, პარკი, ჰუგელი, გაბრალი, ფ. ფრაი, ქსაკა, ა. ფრაი, შტრელერი.
ოცელული: გრაჰოვაცი, რაპა, კოსტინი, სარგი, ილიე, ანტალი, გიურგიუ, ფრუნსა, პარაშივი, იბეჰი, პენა.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).


D ჯგუფი
დინამო ზ-რეალი

მიუხედავად იმისა, რომ "ლიონი” და "აიაქსი” ხელწამოსაკრავი გუნდები არ არიან, ალაბთ გადაჭარბება არ იქნება თავიდანვე იმის მტკიცება, რომ D ჯგუფში პირველ ადგილს "რეალი” დაიკავებს. ჟოზე მოურინიოს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და მას უკვე აღარც იმ "ლიონის” უნდა ეშინოდეს, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინათ, "რეალი” პატარა ბავშვივით ჰყავდა დაბრიყვებული. გასულ სეზონში, მადრიდელები "ლიონსაც” შეხვდნენ და "აიაქსსაც” და ორივე მათგანს იოლად სძლიეს. წელს, მოურინიოს შარშანდელზე მინიმუმ უარესი გუნდი არ ჰყავს.
რაც შეეხება უშუალოდ ზაგრების "დინამოსთან” გასამართ შეხვედრას, კარგ ფორმაში მყოფ "რეალს” მასში 3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს. მადრიდელთა სათამაშო ფორმაზე მათ მიერ ესპანეთის ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგები მეტყველებს – "რეალმა” 2 თამაშიდან ორივე მოიგო, გაიტანა 10 და გაუშვა 2 გოლი. ჩვეულ ფორმაშია გუნდის ლიდერი რონალდუ, რომელმაც ამ ორ შეხვედრაში 4-ჯერ თავად გაიტანა, ერთხელ კი თანაგუნდელს გაატანინა.
"დინამო” ესპანურ გუნდებს 6-ჯერ შეხვედრია. აქედან ხორვატებმა თითოჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 4-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში, ზაგრებელებს თითო მოგება, ფრე და მარცხი აქვთ.
"რეალი” ხორვატიის წარმომადგენლებს სულ 2-ჯერ შეხვდა. მადრიდელებმა შინ მოიგეს, ხოლო გასვლაზე წააგეს.
ტრავმების გამო, მასპინძლებს ადემი, ალისპაჰიჩი და ბისკანი, ხოლო დისკვალიფიკაციების გამო სიმუნიჩი და ვრსალჟკო დააკლდებიან. სტუმრებს ტრავმირებული კაკას, შაჰინისა და ალტინტოპის გარეშე მოუწევთ თამაში, მათი მთავარი მწვრთნელი კი, შეხვედრას თვალს სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებს.
•    2011 წელს, "დინამოს” საკუთარ კედლებში არ წაუგია. ჩატარებული 15 თამაშიდან ზაგრებელებმა 13 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს;
•    "რეალს” ხორვატიაში მხოლოდ ერთხელ უთამაშია. მადრიდელებმა ის თამაში 1:3 წააგეს;
•    "რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა;
•    იკერ კასილიასს, მეკარეებს შორის, ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან) ყველაზე მეტი, 112 მატჩი აქვს ჩატარებული;
•    "დინამომ” ესპანურ გუნდებთან ჩატარებული 10 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და მხოლოდ იმ შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა;
•    "რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 თამაშიდან გოლის გატანა 12-ში მოახერხა;
•    ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, ბენზემამ 373 წუთში 6 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო ზ
: კელავა, ტონელი, ვიდა, კუფრე, იბანესი, კალელო, ლეკო, სამირი, ბადელი, ბეკირაი, რუკავინა.
რეალი: კასილიასი, რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო, ალონსო, კოენტრაუ, დი მარია, იოზილი, რონალდუ, ბენზემა
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

აიაქსი-ლიონი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი "რეალია”, ამ წყვილის მონაწილეები კი მე-2 ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ. 1/8-ფინალში გასვლის მეტ შანსს ალბათ ფრანგები ფლობენ და თუ "აიაქსს” ამ მოსაზრების საწინააღმდეგო აქვს რამე, ჰოლანდიელებმა დღეს 3 ქულა უნდა მოიპოვონ.
"აიაქსმა” ჰოლანდიის ჩემპიონატი კარგად დაიწყო. 5 ტურის შემდეგ, 13 ქულით, ამსტერდამელები გათამაშებას ლიდერობენ. რაც შეეხება "ლიონს”, პირველი ლიგის ხუთ ტურში მან თავი 11 ქულას მოუყარა, რაც მე-2 ადგილის დასაკავებლადაა საკმარისი.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 2-ჯერ შეხვედრიან. 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ამსტერდამელებმა მეტოქეს ორივე თამაში მოუგეს.
"აიაქსს” ფრანგულ გუნდებთამ 18-ჯერ უთამაშია. ჰოლანდიელებმა 10-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 6-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში, "აიაქსმა” 9-დან 6 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 დათმო.
ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ გამართულ 8 მატჩში "ლიონს” 4 მოგება, 2 ფრე და ამდენივე მარცხი დაუგროვდა. გასვლით მატჩებში, ფრანგებმა 2-ჯერ იმარჯვეს, ხოლო თითოჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს.
ტრავმების გამო, მასპინძლებს იოზბილიზი, ხოლო სტუმრებს ლისანდრო, კრისი, ტაფერი, ედერსონი და გურკუფი დააკლდებიან.
•    2003-04 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ლიონი” ყოველთვის ახერხებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევას;
•    "ვალენსიას” გარდა, "აიაქსი” ერთადერთი გუნდია, რომელთანაც "ლიონს” ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში წაგებული აქვს;
•    "ლიონმა” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჩატარებულ ბოლო ათ მატჩში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა. ფინალურ ეტაპზე ჩატარებული ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში ფრანგებმა 10 გოლი გაუშვეს;
•    "ლიონს” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე უკვე 5 თამაშია არ მოუგია. კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი ზედიზედ 6 მოუგებელი მატჩია.
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი: ვერმეერი, ვან დერ ვილი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, ბოილესენი, ს. დე იონგი, ერიკსენი, იანსენი, სულეიმანი, სიგთორსონი, ბოერიგტერი.
ლიონი: ლორისი, რევეიერი, ლოვრენი, კონე, სისოკო, პიე, გონალონსი, კელსტრომი, ბასტოსი, ბრიანი, გომისი.
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 814 | დაამატა: NAXALOVSKI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss