• სტუმარი
  • Wow cataclysm сервер 4.0.3 - 4.0.6მოგესალმებით სტუმარი
  • შესვლა
  • რეგისტრაცია
  • შენ ჩვენთან ხარ დღე
  • მინი ჩატი
  • ბარის დამალვა
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » ჩვენთვის მსოფლიო ახლა იწყება.
09:01
ჩვენთვის მსოფლიო ახლა იწყება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, თავის მესამე მსოფლიო თასს 14 სექტემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე, შოტლანდიასთან მატჩით ხსნის. ინვერქარგილში წვიმს და თუ პროგნოზებს დავუჯერებთ, თამაშის დღეს, შესაძლოა, თოვლიც წამოვიდეს. "ბორჯღალოსნები” კი, წლის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან და მსოფლიო თასზე პირველი სენსაციის მოსახდენად ემზადებიან.
"არ ვისურვებდი შოტლანდიის ნაკრების ადგილას ყოფნას”, - ეშმაკური ღიმილით განაცხადა ორიოდე დღის წინ "ბორჯღალოსანთა” შოტლანდიელმა დამრიგებელმა რიჩი დიქსონმა და დაამატა - "მე პროფესიონალი ვარ, ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და კარგად ვიცი, რომ შოტლანდიასთან, შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ქართველებს უდიდესი პოტენციალი აქვთ და რატომ არ უნდა ითამაშონ რაგბი უმაღლეს დონეზე? პირველ თამაშს ყველა ტურნირში დიდი მნიშვნელობა აქვს, ახლა კი, ეს შეხვედრა ორმაგ დატვირთვას იძენს ".
რიჩი დიქსონი თავად იყო შოტლანდიის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი 1995 წლის მსოფლიო თასზე. მისი დასრულების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის სავარძელი მოირგო, მაგრამ შედეგები ვერ აჩვენა, 1998 წელს კი, იტალიასთან მარცხის გამო, ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ორი წლის შემდეგ, იტალია "ხუთ ერზე” დაუშვეს და ტურნირი "ექვს ერად” გადაკეთდა. მიმომხილველები და რაგბის სპეციალისტები, პარალელებს ავლებენ და ვარაუდობენ, რომ ახლა, შესაძლოა, ყველაფერი მსგავსი სცენარით, ოღონდ პირიქით მოხდეს, საქართველოს მხრიდან შოტლანდიის დამარცხებამ, ახლა უკვე დიქსონის გუნდს მისცეს "ექვსი ერის” კარის შეღების შესაძლებლობა.
რეალურად, შოტლანდია საქართველოს ნაკრებზე ძლიერი გუნდია. მას წლის განმავლობაში უამრავი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება უწევს და მეტად გამოცდილია, მაგრამ თავისი წილი შანსი, საქართველოს ნაკრებსაც აქვს. ის, რაც რუმინეთის ნაკრებმა პირველი რაუნდის შეხვედრაში მოახერხა, ასე ფიქრის საშუალებას იძლევა. რუმინელებმა შეძლეს და გარკვეული პერიოდით, თამაშის სადავეები ხელთ იგდეს, მეტოქე შერკინებაში აშკარად დაჯაბნეს და დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ დასკვნით 10 წუთში, სქოთებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს.
სქოთებს შერკინებაში გაუჭირდათ და ეს ფაქტია, მაგრამ მათი უკანა ხაზი ძალიან სწრაფია და თუ ბურთიანი შემტევი სიჩქარის აკრეფამდე არ შებოჭე, მერე ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი ხდება. შოტლანდია განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს შეხვედრის დებიუტში და თუ დასჭირდა, მის დასკვნით ნაწილში. რუმინეთთან მატჩის დროს, მათ ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების და მოეშვნენ, შედეგად, მეტოქემ სიტუაციაზე კონტროლი დაამყარა, რამაც გარკვეული პერიოდით შოტლანდიელები შოკში ჩააგდო, მაგრამ მერე დამატებითი სიჩქარეები ჩართეს და 10 წუთში საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. მოკლედ, სქოთებს რესურსი აქვთ და თუ დაჭირდათ, მისი ამუშავება შეუძლიათ.
მაგრამ რესურსი ქართველებსაც აქვთ და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი გუნდი უკეთ შეძლებს იმ პლიუსების გამოყენებას, რომელიც გააჩნია. ჩვენთვის ერთი ცუდი ისაა, რომ შოტლანდიელებმა რუმინელებისგან გაკვეთილი უკვე მიიღეს და ახლა, საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მობილიზებული იქნებიან. თუ "ბორჯღალოსნებმა” თავიდან გაძლეს და მერე ნაწილობრივ მაინც ბურთზეც კონტროლი დაამყარეს, მათ ქართველთა შეჩერება გაუჭირდებათ. რაქებსა და მოლში, რუმინეთმა მეტოქე დაჩაგრა, ეს კომპონენტები ქართველების უმთავრესი კოზირიცაა და კიდევ ერთი - დაცვაში თავდაუზოგავი თამაში, რაც ევროპის "ერთა თასზე” ქართველებს კარგად გამოსდიოდათ, ის უფრო მაღალი დონის მეტოქესთანაც თუ შეძლეს, სენსაციამდე ბევრი არაფერი დარჩება.
დიქსონმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა - შუამარბი რევაზ გიგაური პირველად ითამაშებს ოფიციალურ მატჩში ფულბეკის პოზიციაზე. "ნაღდი” ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი, რომელიც ეროვნული გუნდის საუკეთესო მექულეა და მამუკა გორგოძის შემდეგ ყველაზე მეტი ლელო აქვს გატანილი, თამაშს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს, მაგრამ ეს, შესაძლოა, ერთგვარი კოზირი, სიურპრიზი იყოს. სხვა მხრივ, თეორიულად, შემადგენლობა იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებულია და თუ ყველა მორაგბემ დავალება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა...
"რუმინეთმა აჩვენა, რომ მანძილი ევროპის ერთა თასის ლიდერებსა და ექვსი ერის გუნდებს შორის, არც ისე დიდია, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ჩვენი შერკინების სიძლიერეში დარწმუნებული ვარ. საქართველომ ძლიერი გუნდის სახელი ფაქტზე დაყრდნობით მოიპოვა და ეს უნდა შევინარჩუნოთ. შოტლანდიას ის უპირატესობა აქვს, რომ ერთი თამაში უკვე ჩაატარა მსოფლიო თასზე, ჩვენთვის კი, ეს შეხვედრა სადებიუტო იქნება”, - თქვა რიჩი დიქსონმა.
"ბორჯღალოსანთა” კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ დაამატა: "რუმინეთს შოტლანდიასთან მოგება შეეძლო, მაგრამ ბოლო წუთებში დაცვაში კონცენტრაცია ვერ მოახერხეს. კარგად ვიცით, რომ ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია, მსოფლიო კლასის გუნდები არიან, მაგრამ ვთვლი, რომ შოტლანდიელებთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია. არ მოველოდი რუმინეთისგან ასეთი მაღალი დონის თამაშს, მაგრამ მათი შერკინება ძალიან კარგი იყო და ამან, ჩვენი იმედები კიდევ უფრო განამტკიცა. შოტლანდიელებმა უფრო გამოცდილი, ძლიერი შემადგენლობა დააყენეს, მაგრამ ეს ჩვენთვის მოულოდნელობა არ ყოფილა”.
რუმინეთთან მატჩისგან განსხვავებით, შოტლანდიელთა ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა, ერთბაშად 11 მორაგბე შეცვალა, მაგრამ ეს, თავისი შეგირდების ცუდი თამაშით სულაც არ აუხსნია, უბრალოდ, განაცხადა, რომ საწყის ორ შეხვედრაში ყველა მორაგბის გამოცდა, თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა.
"საქართველოსთან ბევრად უფრო რთული თამაში იქნება, ვიდრე რუმინეთთან გვქონდა. ქართველებს ბევრად ძლიერი შერკინება ჰყავთ, ვიდრე რუმინეთს და ჩვენი მთავარი ამოცანა, სწორედ მათი განეიტრალებაა. პირველად მოხდა, რომ შეცვლაზე ხუთი მორკინალი გვყავს და მხოლოდ 2 უკანახაზელი. ვიცით, რომ მეტოქის შერკინება აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ოთხი დღის შემდეგ მეორე თამაშის ჩატარება, მორაგბეებისთვის ძალიან რთულია. ფიზიკურად კარგად უნდა ვიყოთ მზად, რათა ამ კომპონენტით გამორჩეული ქართველები გავტეხოთ. თუმცა, საწყის ორ შეხვედრაში ყველა მოთამაშის გამოცდა, თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული და შემადგენლობაში ამდენი ცვლილება გასაკვირი სულაც არაა”, - განაცხადა რობინსონმა.
თითქმის იგივე გაიმეორა რორი ლოუსონმა, რომელმაც კაპიტნის სამკლავური ალასტერ კელოკისგან გადაიბარა: "ცვლილებების უმთავრესი მიზეზი, მატჩებს შორის არსებული მცირე პერიოდია. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და თავისუფლად შეგვიძლია მოთამაშეების როტაცია მოვახდინოთ და ყველა მორაგბე გამოვიყენოთ”, თუმცა ნიკ დე ლუკა სხვაგვარად ფიქრობს და თქვა კიდეც, რომ რუმინულმა გაკვეთილმა, მათ მზადებაში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია და ქართველთა წინააღმდეგ, ისინი სხვა ტაქტიკით ითამაშებენ.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც 14 სექტემბრის ცენტრალურ მატჩადაა მიჩნეული, 18 ათასიან "რაგბი პარკზე”, თბილისის დროით 11:30 საათზე იწყება. შეხვედრის რეფერი ირლანდიელი ჯორჯ კლენსი იქნება, რომელმაც მსოფლიო თასის გახსნით მატჩში, ახალი ზელანდიისა და ტონგას ნაკრებების შეხვედრა განსაჯა. მას ასისტენტობას თანამემამულე სიმონ მაკდაუელი და უელსელი ტიმ ჰეიესი გაუწევენ, ვიდეორეფერი კი, სამხრეთ აფრიკელი შონ ველდსმანია.

2011 წლის მსოფლიო თასი რაგბიში. B ჯგუფი.
ინვერქარგილი. "რაგბი პარკი”. 11:30 საათი (თბილისის დროით)
შოტლანდია - საქართველო
საქართველოს ნაკრები: 15. რევაზ გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედი ზიბზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
შოტლანდიის ნაკრები: 15. რორი ლამონტი, 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დელუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლუსონი; 1. ალენ იაკობსენი, 2. სქოთ ლოუსონჯი, 3. იუენ მარი, 4. ნეითან ჰაინსი, 5. ჯიმ ჰემილტონი, 6. ელი სთროქოში, 7. როს რენი, 8. ქელი ბრაუნი.
სათადარიგოები: 16. როს ფორდი, 17. ჯეფ როსი, 18. ალესდერ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი, 20. რიჩი ვერნონი, 21. ქრის ქაზიტერი, 22. ქრის პატერსონი.
მწვრთნელი: ენდი რობინსონი
1 შოტლანდია 1 1 0 0 34-24 5
2 ინგლისი 1 1 0 0 13-9 4
3 არგენტინა 1 0 0 1 9-13 1
4 საქართველო 0 0 0 0 0-0 0
5 რუმინეთი 1 0 0 1 24-34
კატეგორია: სპორტის სიახლეები | ნანახია: 885 | დაამატა: NAXALOVSKI | ტეგები: მსოფლიო, ჩვენთვის, ახლა, იწყება. | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
(©) 2011 Naxalovka.do.am-საუკეთესო ვარეზ საიტი
Sitemap | Sitemap-Forum | ჰოსტერი uCoz
  • На главную
  • Мини-чат
  • Обратная связь
  • Радио
  • Скины для Rainmeter
  • Скины для Aimp_3
  • Скины для RocketDock
  • Скины для Samurize
  • rss